English / ქართული / русский /
მამუკა ხუსკივაძე
საქართველოს ტყის რესურსების ოპტიმალურიგამოყენების ზოგიერთი საკითხი

შესავალი

ტყე წარმოადგენს ნიადაგის, ფლორის, ფაუნისა და სხვა ბუნებრივი ელემენტების ერთობლიობას და მისი რესურსები სამართლიანად მიიჩნევა ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად და ეკონომიკურ-ეკოლოგიური სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად  ტყის სექტორის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ დაბალია და საგრძნობლად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. აღნიშნულ ვითარებას დიდწილად განაპირობებს ტყის მერქნული რესურსების და არა მისგან წარმოებული მზა პროდუქციის ექსპორტი, რაც, ცხადია, ამცირებს ამ სექტორის საექსპორტო შემოსავლებს და  მის წილს მთლიან სამამულო პროდუქტში. საქართველოს ტყის რესურსების გამოყენებისა და დაცვის პროცესში ჩნდება როგორც შესაძლებლობები, ისე ახალი გამოწვევები, რასაც განაპირობებს ტყეების მართვის სტანდარტების ცვლილება, რომლებმაც უნდა უპასუხონ მზარდ საერთაშორისო, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნებს. იზრდება კლიმატის ცვლილებით, მავნე ორგანიზმებით და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზეგავლენით ტყეების განადგურების შედეგად გამოწვეული ნეგატიური შედეგები. ყოველივე აღნიშნული დღის წესრიგში აყენებს თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ტყის რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და დაცვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაჭრის  აუცილებლობას. 

საქართველოს ტყის რესურსების ოპტიმალური გამოყენების ეკონომიკური ამოცანა და მისი

შესაბამისი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი 

საქართველოს ტყეების ფართობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ტყის ინვენტარიზაციის განუხორციელებლობის გამო, არ არსებობს. ცხრილ 1-ში წარმოდ­გენილია საქართველოს ტყით დაფარული ფართობის მონაცემები 2010-2019 წლებში. 

ცხრილი 1

წელი

ტყით დაფარული ფართობი

 

 

მლნ.ჰექტარი

პროცენტულად ქვეყნის საერთო ტერიტორიასთან

2010

2,77

39,9

2011

2,77

39,9

2012

2,82

40,5

2013

2,66

38,5

2014

2,17

31,4

2015

2,36

33,9

2016

2,69

38,6

2017

2,69

38,7

2018

2,68

38,6

2018

2,66

38,3

წყარო: geostat.ge; ავტორი. 

ტყით დაფარული ფართობის ქვეყნის მთლიან ტერიტორიასთან თანაფარდობის მაჩვენებლით საქართველო მიეკეუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალს. ტყის 60% განეკუთვნება შავი ზღვის აუზს, ხოლო 40% კი − კასპიის ზღვის აუზს. ტყის მასივების 69%  განლაგებულია მთავარი კავკასიონის მთათა სისტემების ფერდობებზე, 28% კი მცირე კავკასიონის მთათა სისტემის ფერდობებზე, 3% განეკუთვნება ბარის ტყეებს (2). საქართველოს ტყეების სახეობრივი სტრუქტურა (რომელთაგან 95-98% ბენებრივი წარმოშობისაა) და სხვა მახასიათებლები განაპირობებს მის მდიდარ ბიომრავალფეროვნებას,

საქართველოს ტყის რესურსები ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს და ასრულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ფუნქციებს. ეკოლოგიური დანიშნულება გამოიხატება საქართველოს ლანდშაფტების, ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების და ზოგადად, ეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებაში; ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, ეროზიის საწინააღმდეგო, კლიმატმარეგულირებელი და სხვა ფუნქციების შესრულებაში. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ტყე ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის გარკვეული პროპორციით თანაფარდობას ანუ ასრულებს განსაკუთრებულ როლს ნახშირბადის გლობალურ ციკლში. საქართველოს ტყეები კალენდარული წლის განმავლობაში გამოყოფენ მიახლოებით 190 მლნ. ტონამდე ჟანგბადს (ავტორის გაანგარიშებები). საქართველოში ეკონომიკის გარკვეული დარგები მჭიდროდ არის დაკავშირებული ტყის რესურსების გამოყენებასთან. ასეთი დარგებია: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი. ტყის ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება არსებითად განაპირობებს საქართველოში მრავალი კურორტის და ტურიზმის რიგის სახეობების განვითარებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ტყიდან ამოიღება მერქნული რესურსები, თუმცა არამერქნული რესურსებიც არანაკლებ ეკონომიკურ როლს ასრულებს ტყის ეკონომიკური ფუნქციების რეალიზებაში. საქართველოს ტყეების სოციალური ფუნქცია გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული, ესთეტიკური, დემპფერული (ხმაურის საწინააღმდეგო), სამეცნიერო და ზოგიერთი სხვა როლის შესრულებაში.

საქართველოს სატყეო სექტორის ეფექტიანი განვითარებისათვის საჭიროა ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ტყის რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას და, მეორე მხრივ, მისი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების  შექმნას. ყოველივე აღნიშნული ტყის   რესურსებზე   მრავალმიზნობრივი   მოთხოვნის   პირობებში   სატყეო  სექტორის  წინაშე  აყენებს  მნიშვნელოვან  ეკონომიკური  ამოცანას: ტყის  რესურსული  პოტენციალის  ეფექტიანი  გამოყენებისა  და  კვლავწარმოების  მეშვეობით,   მინიმალური   დანახარჯების   პირობებში,   1   ჰექტარი ტყიდან   მივიღოთ   მაქსიმალური შემოსავალი.

ასეთი   ამოცანა   ისმის   როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ   დონეზე, თუმცა უფრო ხშირად  − რეგიონულ დონეზე, ვინაიდან სწორედ  ასეთ  დონეზე  იჩენს  თავს  არაეფექტიანი და არარაციონალური ტყეთსარგებლობის    ნეგატიური    შედეგები. ამ ამოცანის გადაჭრის საქმეში ეფქტიან ინსტრუმენტს წარმოადგენს რეგიონის  ტყის  რესურსების  ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება. 

რეგიონის  ტყის  რესურსების  გამოყენების  ოპტიმიზაციის  ეკონომიკურ-მათემატიკური   მოდელის   აგებისას   მოდელირების   ობიექტს   წარმოადგენს   ამავე   რეგიონის   ტყის   ფართობი, რომელიც იყოფა   გატყიანებულ   და   გაუტყიანებელ   ფართობებად   (ამ   უკანასკნელიდან   მოდელში ჩაირთვება   ფართობის   მხოლოდ   ის   ნაწილი,   რომელიც   შესაძლებელია, დაიფაროს  ტყის  მასივებით).

ზემოთ   აღნიშნული  ტყის  რესურსების  გამოყენების  ოპტიმიზაციის ეკონომიკური   ამოცანის   გადაწყვეტის   მიზნით   გთავაზობთ   ერთმიზნიან ოპტიმიზაციურ  მოდელს.

ვიდრე   ავაგებდეთ   დასმული   ამოცანის   შინაარსის   ადეკვატურად ამსახველ    ეკონომიკურ-მათემატიკურ    მოდელს,  შემოვიღოთ შემდეგი აღნიშვნები:

K - რეგიონის სატყეო მეურნეობაში კაპიტალური დაბანდებების ამსახველი სრული მაჩვენებელი;
δ - დაავადებამედეგობის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;
A -დემპფერულობის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისათვის;
E - კლიმატის რეგულირების ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისათვის;
D -არამერქნული რესურსების საშუალო წლიური ნამატის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისათვის;
N -ხანძარმედეგობის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;
Q - გაზმედეგობის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;
B - მერქნის საშუალო წლიური ნამატის ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;
α - ტყის სანიტარიულ-ჰიგიენური როლის ამსახველი ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;
P -ტყის ნიადაგის გამაუმჯობესებელი როლის ამსახველი ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისათვის;

β - ტყის რეკრეაციული როლის ამსახველი ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;

γ - ტყის ჰიდროლოგიური როლის ამსახველი ჯამური მაჩვენებელი რეგიონის ტყეებისთვის;

 

 

 

აღნიშნულ მოდელში საქართველოს რეგიონების ტყეებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით და მისი ამოხსნით შესაძლებელია განისაზღვროს შემდეგი მაჩვენებლები: რეგიონის ტყის მიწების ფართობებისა და სტრუქტურის მოსალოდნელი ცვლილება; გაანალიზდეს და შეფასდეს ტყის ფუნქციების რეალიზების პროცესი; გამოვლინდეს ამ პროცესში არსებული პრობლემები და განისაზღვროს პერსპექტივები; ხელი შეეწყოს ტყის მიწების ეკონომიკურ შეფასებას; განისაზღვროს საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების პროგრამა სხვადასხვა საოპტიმიზაციო პერიოდისათვის და სხვა.

(1)-(16) მოდელი, წარმოადგენს რა რეგიონების ტყის რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, ამასთანავე არის აღნიშნული რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და რაციონალური დაცვის მოდელთა სისტემის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ანანიაშვილი ი., აჩელაშვილი კ., მესხია ი., პაპავა ვლ., სილაგაძე ა.,წერეთელი გ. მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები. თბილისი, „მეცნიერება", 2003.
2. ჩხაიძე ბ. საქართველოს ტყის მერქნული რესურსების ენერგეტიკული პოტენციალი.
3. წერეთელი გ. ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მათი პრაქტიკული რეალიზაციის მაგალითები. თბილისი, „მეცნიერება", 2000
4. ხუსკივაძე მ. საქართველოს ტყის რესურსების გამოყენებისა და დაცვის ინოვაციური სტრატეგია. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. XIV, 2021, გვ. 206-224. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.
5. Математическое моделирование макроэкономических процессов. Под ред. Котова И. В. `МГУ", 1980.Экономико-математические методы и модели. Под ред. Кузнецова А. В. Минск, "БГЭУ", 2000.
6. Церетели Г.Ш. Экономические вопросы оптимизации процессов социалистического природопользования. Тбилиси, “Мецниерба”, 1983.